სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.
„სამშობლოზე შეყვარებული კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება გამოაკლდა ჩვენს ქვეყანას.
მიწიერი ცხოვრება დატოვა და მარადიულობის მკვიდრი გახდა ბატონი მამუკა ჩარკვიანი – დიდ ტკივილგამოვლილი და, ამასთან, შეუპოვარი ადამიანი, ფრიად ნიჭიერი, დახვეწილი გემოვნების, ქართული კულტურის შესანიშნავი წარმომადგენელი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი…
მართალია, იგი განგვეშორა, მაგრამ ამ ქვეყნად დარჩა ეროვნული ჰანგებით გაჯერებული, ძირითადად მამის, ბატონი ჯანსუღის ლექსებზე შექმნილი მისი სიმღერები, თაობებში რომ იცოცხლებს.
აღვავლენთ ლოცვებს ბატონ მამუკას უკვდავი სულისათვის, რათა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი უფალმა, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების დამფასებელთ მიმადლოს მშვიდობა და მამუკასათვის ლოცვის ძალა“, – ნათქვამია ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.