თორნიკე ამბობდა, რომ თანამდებობიდან წასვლის დრო იყო, ხუმრობითაც იძახდა, ბრეჟნევი ხომ არ ვარო, მაინც ძალიან რთულად გადაიტანა ალბათ, რეგიონთან დაშორება, გამორჩეულად უყვარს აჭარა - ალექსი ახვლედიანი

27 აგვისტო 2025, 15:53 493 ნახვა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს, თორნიკე რიჟვაძეს თანამდებობიდან წასვლა მინიმუმ, წელიწად ნახევრის განმავლობაში უნდოდა, ეს ფაქტი მან მაინც ძალიან რთულად გადაიტანა.

ალექსი ახვლედიანი დეტალურად იხსენებს რა მოხდა საგარეჯოში, მის სახლში, სადაც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.

"საღამოს 17:00 საათზე დამიკავშირდა თორნიკე. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ ერთ-ერთი უახლოესი მეგობრები ვართ. მეგობრობის გარდა, ჩემი ოჯახის წევრები მას მეოთხე შვილად მოიხსენიებდნენ და ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა ყოველთვის და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში. ჩვენ, ფაქტობრივად, ძალიან ხშირად დავდიოდით საგარეჯოში, ჩემს სახლში. ეს მისთვის იყო აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე საყვარელი ადგილი. იმ პერიოდშიც კი, როდესაც მე არ ვიყავი თბილისში და მას უწევდა მივლინება, ჩემს გარეშეც მიდიოდა და რჩებოდა. დამიკავშირდა, მთხოვა, მეორე დღეს ორშაბათი იყო, აქ თათბირი მქონდა და მოდი ჩავირბინოთ საგარეჯოში, ბიჭები ვნახოთ და გვიან წამოვიდეთო. შესაბამისად, 18:00 საათზე, როგორც შევთანხმდით გაუარა ჩემმა მძღოლმა და ჩვენ წავედით საგარეჯოში. გზიდან დავურეკე ჩემს ორ ადგილობრივ მეგობარს. ერთს ვუთხარი, რომ ღვინო მოეტანა, მეორეს ვუთხარი, რომ საკვები შეეკვეთა. სახლში დავურეკე ჩემს დამხმარე ქალბატონს და როგორც ხდება. ჩავედით, ვიმყოფებოდით მე, ჩემი უმცროსი შვილი, ჩემი ორი ადგილობრივი ბავშვობის მეგობარი, დამხმარე ქალბატონი და მძღოლი. დაახლოებით ერთ საათში-საათნახევარში შემოგვიერთდა თორნიკეს მამა, ბატონი დავითი და მისი სიძე, დის ქმარი დავითი. იყო ჩვეულებრივი, მეგობრული ვახშამი. დაახლოებით ბოლო წელიწად ნახევარი, თვითონ თორნიკე ამბობდა, რომ უნდა წასულიყო ამ თანამდებობიდან, რადგან თვლიდა, რომ 7 წელი ძალიან ბევრი იყო მისი იქ ყოფნისთვის, როგორც მისთვის, ასევე რეგიონისთვისაც.

ბევრჯერ აქვს ნათქვამი, ჩემს თავსაც ვამჩნევ, რომ იმ შემართებით ვერ ვარო. მისი ეს სურვილი ბოლოს განსაკუთრებით გააქტიურდა 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში. როდესაც საშუალება გვქონდა, შეხვედრებზე დავდიოდით ერთად და ამბობდა, რომ ამ არჩევნებს როგორც კი ჩაამთავრებდა უნდა მოვითხოვო სადმე გადაყვანა და მეც სიხარულით ვეუბნებოდი, რომ თბილისში გადავიდეთ, მეც დავუბრუნდები ჩემს ქალაქს. მაგრამ, მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ თავისი საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიური მიმართულებით. მე დღეს ნამდვილად ვერ გეტყვით, მან უთხრა თუ არა პრემიერს ამის შესახებ. ზუსტად ვიცი, რომ შესაბამის დროს ეძებდა, მაგრამ ამიტომ მოხდა ეს ცვლილება თუ არა, ნამდვილად არ მიკითხავს. მაგრამ, როდესაც მისი გათავისუფლება მოხდა, რამდენიმე დღეში ის ჩამოვიდა თბილისში. როგორც შემდეგ მომიყვა, შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგრძელებინა მუშაობა, როგორც სურვილი ჰქონდა დიპლომატიურ სამსახურში. როგორც მან მითხრა, თვითონ მოითხოვა, რომ არის ვაკანსია და თუ იქნებოდა შესაძლებელი, ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში, რაზეც მან მიიღო თანხმობა. მიუხედავად ამისა, რომ ეს მისი ინიციატივა იყო, მინიმუმ წელიწადი, წელიწად ნახევარი, მარტო ჩემთან არა, ძალიან ბევრ ადამიანთან ამას აფიქსირებდა, რომ მისი წასვლის დრო იყო, ხუმრობითაც იძახდა ხოლმე, რომ ბრეჟნევი ხომ არ ვარო, მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან რთულად გადაიტანა ალბათ რეგიონთან დაშორება, გამორჩეულად უყვარდა და უყვარს აჭარა“, - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.

ახვლედიანის თქმით, რიჟვაძეს ორთვიანი მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა აქვს დანიშნული, რომლის ფარგლებშიც მას ოჯახის წევრებთანაც შეზღუდული კომუნიკაცია აქვს. ამასთან, მისივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს, უახლოეს დღეებში თვალის ქირურგიული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რა პრობლემაც მას ამ შემთხვევამდეც ჰქონდა.

"მასთან კომუნიკაცია ოჯახის წევრებისთვისაც საკმაოდ შეზღუდულია, იმიტომ რომ როგორც მე მაქვს ინფორმაცია ოჯახიდან, დაუნიშნეს ორთვიანი საკმაოდ მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა. მხოლოდ ცოტა ხნით ბავშვებს აქვთ შესვლის უფლება. ტელეფონი და რაიმე მსგავსი მას არ აქვს. ბოლო, გუშინწინდელი ინფორმაციით, ალბათ კვირის ბოლოს, თურქეთშივე გაუკეთებენ თვალის ოპერაციას. მას ეს პრობლემა ჰქონდა და გამწვავება გამოიწვია. მას იქ ადგილობრივი ფსიქოლოგების ჯგუფი ემსახურება და აუკრძალეს ამ ორთვიანი კურსის დასრულებამდე, საერთოდ ყველანაირი კომუნიკაცია ყველასთან. მე მხოლოდ ოჯახის წევრებს ვეკონტაქტები“ , - აცხადებს ახვლედიანი.

ახვლედიანმა ასევე გამორიცხა რიჟვაძის მიმართ რაიმე ტიპის ზეწოლის არსებობა. ამასთან, კითხვაზე, იყო თუ არა თორნიკე რიჟვაძე დაბარებული სუს-ში, ახვლედიანმა განაცხადა, რომ მას მსგავსი არაფერი სმენია.

„მამუკა მდინარაძის ბიოგრაფია წავიკითხე და შს სამინისტროში ერთსა და იმავე პერიოდში გვიმუშავია. ჩემდა სამწუხაროდ, მამუკა მდინარაძეს არ ვიცნობ და ერთ სივრცეშიც არ ვართ ნამყოფი. რაც შეეხება ზეწოლას, სად გაგიგიათ, რომ უმცროსი შვილის თანდასწრებით, მომსახურე ქალის თანდასწრებით და ჩემი უახლოეს ადგილობრივი მეგობრების თანდასწრებით უნდა ჰქონოდა ზეწოლა? - მე, მამამისს თუ მის სიძეს?!

 

თორნიკეს ერთი ძალიან ცუდი თვისება ჰქონდა, რომელზეც მუდმივად მქონდა ხელჩართული ბრძოლა - ვთქვათ, დაიწერა ჩემზე რამე, შეიძლება წავიკითხე ან არც წავიკითხე, მას ტელეფონი ეჭირა და უნდა ჩაჰყოლოდა კომენტარის კომენტარს. ვეუბნებოდი: თორნიკე ეს შენ ჭკუიდან გადაგიყვანს, არ შეიძლება ასე, რადგან მილიონი უსაქმურია და მილიონი გაბოროტებული ადამიანია. ადამიანს, რომლის მიმართაც აქვთ კითხვები, რომელზეც არის ზეწოლა, მას ელჩობას უპირებენ?!

 

ჩვენ ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, დაახლოებით ერთი კვირით ადრე, ვიმყოფებოდით გერმანიაში. მას აქვს ერთი თვალის პრობლემა, მე და მაგდა წავყევით გამოკვლევაზე მიუნხენში. მე როდესაც მთხოვა წაყოლა, შესაბამისად ვუთხარი, რომ მინისტრს უნდა შევუთანხმო, შვებულება ავიღო და მერე დამცინოდა, რომ აი ხედავ რა კარგია თავისუფლებაო, მე ბილეთ ავიღე და მივდივარო, შენ ახლა შვებულება უნდა დაწერო და შეუთანხმდეო. ანუ კაცს ავიწროებდნენ, ზეწოლის ქვეშ იყო და ოჯახთან ერთად გასვლა-გამოსვლა თავისუფალი ჰქონდა? ლოგიკაში ჯდება?" - განაცხადა ახვლედიანმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში