კამპანია „გამომყევი აჭარაში“ წარმატებით მიმდინარეობს

27 აგვისტო 2025, 17:30 270 ნახვა

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დასასრულს უახლოვდება. კამპანიის ფარგლებში, აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტების წვდომები უკვე 200 მილიონს აღწევს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. 

ქართველი ინფლუენსერები, კონტენტ-კრეატორები და ფოტოგრაფები მეორე თვეა აჭარაში მოგზაურობენ და თავიანთ შთაბეჭდილებებს ასიათასობით შიდა ტურისტს უზიარებენ.

კამპანიის დასრულებამდე 18 დღე რჩება, რის შემდეგაც მოხდება მონაწილეების მიერ აჭარაზე გამოქვეყნებული კონტენტის ანალიზი, გამარჯვებულები კი სექტემბერში შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოვლინდებიან. წელს, კამპანიის საპრიზო ფონდი გაზრდილია, რაც მონაწილეებს აჭარაში მოგზაურობით უფრო მეტი თანხის მოგების საშუალებას აძლევს. 

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა რეგიონში ორი თვის განმავლობაში იმოგზაურეს და ასიათასობით შიდა ტურისტს გააცნეს აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები. 2023-ში კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში 100 მილიონი, ხოლო 2024 წელს 240 მილიონზე მეტი წვდომა (reach) დააგროვა. კამპანიის მიზანი წინა წლების მსგავსად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში