„საქართველოს ფოსტის“ გენერალურ დირექტორად გიორგი ერაძე დაინიშნა

01 სექტემბერი 2025, 16:01 58 ნახვა

შპს „საქართველოს ფოსტას“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პოსტზე გიორგი ერაძე დაინიშნა, რომელსაც საფოსტო და სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს.

გიორგი ერაძეს აქვს აკადემიურ ხარისხი საერთაშორისო სამართალში, ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს სატვირთო გადაზიდვებში უსაფრთხოების მართვის სისტემის, საინფორმაციო და საავიაციო უსაფრთხოებისა და სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით.

გიორგი ერაძემ კომპანია „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლევან ჩიკვაიძე შეცვალა.

„სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფოსტა“ არის 100 პროცენტით სახელმწიფო წილობრივი კომპანია. ის არის ქვეყნის უმსხვილესი საფოსტო ორგანიზაცია, რომელსაც სერვისცენტრების ყველაზე დიდი ქსელი აქვს. საქართველოს მასშტაბით კომპანიის 80 სერვისცენტრი ფუნქციონირებს. „საქართველოს ფოსტა“ ქვეყნის ლიდერი საფოსტო ოპერატორია, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



 

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში