საქართველოს გენერალურმა პროკურორმა კანადის მთავარ პროკურორთან შეხვედრა გამართა

09 სექტემბერი 2025, 10:57 130 ნახვა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ კანადის მთავარ პროკურორთან, ჯორჯ დოლჰაისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სინგაპურის რესპუბლიკაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე კონფერენციის სამუშაო სესიას ესწრება.

სინგაპურის რესპუბლიკაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა და ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ქუმსიაშვილი ესწრებოდნენ.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყებას, ასევე ინდივიდუალურ წევრ პროკურორებს აერთიანებს. საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრი 2011 წლიდანაა, თუმცა ასოციაციასთან მჭიდროდ 2014 წლიდან თანამშრომლობს. 2018 წლის მაისში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი არჩეული იქნა IAP მმართველობით ორგანოს – აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და, შესაბამისად, საქართველოს პროკურატურა ჩართულია ასოციაციის მმართველობით საქმიანობაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი