სულხან თამაზაშვილმა ბათუმში ახალი რეკრეაციული სივრცე გახსნა

11 სექტემბერი 2025, 10:35 809 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ბათუმში 20 000 კვადრატული მეტრის ახალი რეკრეაციული სივრცე გახსნა.

მთავრობის თავმჯდომარემ ახალი სივრცე ,,სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელთან გიორგი რამიშვილთან ერთად დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი სივრცეები პოზიტიურად მოქმედებს მოქალაქეთა კეთილდღეობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციაზე.

,,მოხარული ვარ რომ ბათუმს შეემატა ახალი რეკრეაციული სივრცე. გამორჩეული კონცეფციის მქონე პარკი წამყვანი საერთაშორისო დიზაინერების მიერ შეიქმნა. ასეთი სივრცეები არა მხოლოდ ამდიდრებს ქალაქს, არამედ პირდაპირ მოქმედებს მოქალაქეთა კეთილდღეობაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციაზე, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რეგიონის განვითარების ფარგლებში, მნიშვნელოვანია რეკრეაციული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეების შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სივრცეც გახდება ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი არა მარტო ბათუმელებისთვის, არამედ დამსვენებლებისთვის და ტურისტებისთვის“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

პარკის მშენებლობა ,,სილქ როუდ ჯგუფმა“ განახორციელა. პროექტის დიზაინსა და კონცეფციაზე წამყვანმა საერთაშორისო კომპანიამ „მასუ პლენინგმა“ იმუშავა. ახალი რეკრეაციული სივრცე ბუნებრივად უკავშირდება ბათუმის ბულვარს. პროექტის ფარგლებში შენარჩუნდა არსებული ხეები და დაირგო 200-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოური სახეობის 600-მდე ხე, 63 000-მდე ბუჩქი და ყვავილოვანი მცენარე. პროექტი მოიცავს პადელის კორტებს, ფეხბურთის მოედანს, გასართობ და დასასვენებელ სივრცეებს, საფეხმავლო და ველობილიკებს. მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა ბათუმელებს ღია ცის ქვეშ სპორტული აქტივობისა და ხარისხიანი დასვენების შესაძლებლობას მისცემს.

„ეს პარკი ჩვენი საჩუქარია ბათუმელებისთვის. პარკის ლანდშაფტის კონცეფცია „სილქ თაუერსის“ ტერიტორიაზე გაგრძელდება. ბუნებრივად მოხდება ბულვართან და პორტის პრომენადებთან გადაბმა. შეიქმნება ერთიანი საფეხმავლო სივრცე, სადაც ადამიანები თავისუფლად იმოძრავებენ. წლის ბოლოს დასრულდება იახტკლუბის მშენებლობაც. პარკი ჩვენი დიდი პროექტის, „სილქ თაუერსის“ საწყისი ეტაპი და განუყოფელი ნაწილია, რომელზეც ლეგენდარული იაპონელი არქიტექტორი კენგო კუმა და მისი სტუდია მუშაობს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს მასშტაბური პროექტი დამატებით ხიბლს შემატებს ქალაქს და გახდება ბათუმის სავიზიტო ბარათი“, - განაცხადა „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა.

ახალი რეკრეაციული სივრცე, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა დაათვალიერეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი