„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, დიღმის ტყე-პარკის მსგავსი სივრცეები ქალაქს ძალიან სჭირდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს მისი სრულად გამოსყიდვისთვის და რეაბილიტაციისთვის.
ამის შესახებ კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.
„დიღმის ტყე-პარკი კარგი მაგალითია იმისა, როგორი მავნე პრაქტიკა ჰქონდა ძველ ხელისუფლებას. ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი იყო გასხვისებული. გარკვეული ნაწილი გამოვისყიდეთ, თუმცა დარჩენილია ნაწილი, რაც ჯერ კიდევ კერძო საკუთრებაშია. ჩვენ მთლიანად გვინდა მისი გამოსყიდვა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. ქალაქში მსგავსი სივრცეების არსებობა პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში დიდი ჩარევა არაა საჭირო, რადგან ტყე-პარკზეა საუბარი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქს აღნიშნული ტერიტორია დაუბრუნდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება დედაქალაქში გარემოს დაცვის პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორც პრეზენტაციისას მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ აღნიშნა, ყველა რეაბილიტირებული პარკი თუ სკვერი სავსეა მოქალაქეებით, რაც სიგნალია, იმისა, რომ მუნიციპალიტეტს მწვანე სივრცეებთან მიმართებით სწორი დამოკიდებულება აქვს.
„ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ ის მიდგომა და დამოკიდებულება, რაც დედაქალაქს ჰქონდა მწვანე სივრცეებთან მიმართებით. შედეგი სახეზეა - დედაქალაქში ყველა სკვერი თუ პარკი, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდება არის სავსე მოქალაქეებით. ეს ჩვენთვის სტიმული და სიგნალია, რომ გარემოს დაცვა დარჩეს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. გვაქვს ამბიციური გეგმები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ვაპირებთ, გავაგრძელოთ პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია. ამ მიმართულებით იგეგმება 200 ჰა-მდე რეკრეაციული სივრცის რეაბილიატაცია-მოწყობა. გარდა ამისა, ვახორციელებთ ბევრ საგზაო სამუშაოს, კუნძულებს, თარგებს, რომლის ფარგლებშიც, 350 000-მდე სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი დაირგვება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც უახლოეს მომავალში განხორციელდება ზოოპარკის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადატანა იქნება.
„ქალაქში გვაქვს ძველი ზოოპარკი, რომლის გადატანაც დავიწყეთ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე. დამეთანხმებით იმაში, რომ დღეს აღნიშნული ზოოპარკი ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს ვერც ცხოველებთან და ვერც ვიზიტორებთან მიმართებით. შესაბამისად, დავგეგმეთ დაჩქარებული ტემპით მისი გადატანა. შედეგად, მივიღებთ ახალ სივრცეს, დაახლოებით 50 ჰექტარ ფართობზე. არსებული ზოოპარკის ტერიტორიაზე კი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, რომელიც დაუკავშირდება მზიურის პარკს. შედეგად, მივიღებთ ერთიან პარკს, რომელიც ვაკეს და საბურთალოს რაიონებს ერთმანეთთან დააკავშირებს, ჯამში 25 ჰექტრამდე გამოვა აღნიშნული პროექტი“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ამას გარდა, მერის მოადგილემ დაასახელა კონკრეტული პარკები და სკვერები, რასაც მომდევნო ოთხი წლის მანძილზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქში პარკების და სკვერების რეაბილიტაცია. ამ კუთხით, გამოვყავი რამდენიმე პროექტი, ბუნებრივია, ეს არ არის სრული ჩამონათვალი რისი გაკეთებაც იგეგმება მომდევნო წლებში. დავიწყებ პირველი რესპუბლიკის ბაღის რეაბილიტაციით. აღნიშნული პროექტი უკვე შესყიდულია, დედაქალაქისთვის ეს ისტორიული არეალია.
შემდეგი იქნება, დიღმის ჭალებში პარკის მოწყობა. ამ ტერიტორიაზე იგეგმება სპორტული და გამაჯანსაღებელი ობიექტების მშენებლობა. გარდა ამისა, რიყის პარკი რეაბილიტირდება. ეს არის ერთგვარი სავიზიტო ბარათი ჩვენი დედაქალისთვის. მას უამრავი ტურისტი სტუმრობს. ახლა ის სრულად ამორტიზებულია და გვინდა შესაბამისი პროექტის შესყიდვა და მისი რეაბილიტაცია. ასევე, იგეგმება ავჭალის პარკის რეაბილიტაცია; კახიძის სკვერის რეაბილიტაცია; არტოს ბაღის რეაბილიტაცია; მნიშვნელოვანია მუშთაიდის ბაღის რეაბილიტაცია იმდენად, რომ ალბათ ყველა თაობის თბილისელს ერთხელ მაინც მოსწევია აქ დასვენება. ამჟამად, ის კერძო პირებზეა გადაცემული. გვაქვს სურვილი, დავიბრუნოთ და ჩავუტაროთ სარულყოფილი რეაბილიტაცია. ხუდადოვის ტყე-პარკს რაც შეეხება, დავიწყეთ წინა წლებში მისი რეაბილიტაცია, აღვადგინეთ ძირითადი ბილიკი, გვინდა, რომ გაგრძელდეს ეს ტენდენცია, რადგან ვფიქრობთ, ამ პარკს აქვს უკეთესი პოტენციალი; დიღმის ტყე-პარკის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, ჩვენ რამდენიმე წელია, დავიწყეთ გამოსყიდვა-მონაცვლეობის პროცედურები, როცა დასრულდება ის, აუცილებლად მოვახდენთ მის რეაბილიტაციას“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.