ფესტივალი „განდაგანა" 20-21 სექტემბერს ჩატარდება

15 სექტემბერი 2025, 11:44 92 ნახვა

20-21 სექტემბერს, ბათუმში ფესტივალი „განდაგანა“ ჩატარდება. სოფლის ტურიზმის ფესტივალის ფარგლებში საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით იქნება წარმოდგენილი.

მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები. წელს, პირველად ფესტივალზე სტუმრის სტატუსით წარმოდგენილი იქნება სვანური და მეგრული სამზარეულოც. გარდა კულინარიული მასტერკლასებისა, ასევე დაგეგმილია ქარგვის მასტერკლასები.

მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც 200-მდე ადგილობრივი და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული მეწარმის ხელნაკეთი ნამუშევრები, სოფლის ნობათი და კერძები იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ბენდები იზრუნებენ. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

ღონისძიების მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.

 
 
 
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი