2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით ბიუჯეტი 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანია აფხაზეთში დაბრუნება და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება - პრემიერი

16 სექტემბერი 2025, 14:21 112 ნახვა

რიცხვები, თავისთავად, ყველაფერზე მეტყველებს: 2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დევნილი ოჯახების მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მილიონიდან 240 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.

„10-ჯერ არის გაზრდილი წლიური ინვესტიციების მოცულობა. თავის დროზე, 25 მლნ იყო წლიური ბიუჯეტი რაც ამ მიმართულებით იხარჯებოდა და ეს 25 მლნ არის 240 მლნ ლარამდე გაზრდილი. ესეც, თავისთავად, მეტყველებს დამოკიდებულების ცვლილებაზე ძველი ხელისუფლების შემდეგ - ახალი ხელისუფლების პირობებში. მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, პირველ რიგში დევნილებს მინდა, მოგილოცოთ ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი და მინდა, გისურვოთ ბედნიერად ცხოვრება ახალ, ღირსეულ საცხოვრებელში. თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი ეს არ არის, ჩვენი მთავარი მიზანია დაბრუნება აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ყველას მინდა, გისურვოთ, საბოლოოდ, აფხაზეთში დაბრუნება და იქ ბედნიერად ცხოვრება თქვენს ოჯახებთან ერთად,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ნაბიჯი ასახავს დამოკიდებულებას, რომელსაც ხელისუფლება ამჟღავნებს.

„მინდა გავიხსენო, რომ იყო დრო, როდესაც ადამიანს და მის ღირსებას არ ჰქონდა არავითარი ფასი. ასეთი იყო ხელისუფლების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ. დღეს, ხელისუფლების პირობებში, ადამიანი არის მთავარი ზრუნვის საგანი, ამაზე უნდა იყოს და არის ორიენტირებული მთლიანად ჩვენი პოლიტიკა. ის დამოკიდებულება, რაც ვახსენე, აისახებოდა დევნილების  მიმართ მიდგომაზეც და დღეს რაც არის დამოკიდებულება, ეს ახალი დამოკიდებულებაც, სათანადოდ აისახება მიდგომებზე და ზრუნვაზე დევნილების მიმართ. დღევანდელი დღეც არის ამის მორიგი გამოხატულება. რაც შეეხება კონკრეტულად განსახლების საკითხებს, ამ მიმართულებითაც რადიკალურად შეიცვალა მიდგომები 2012 წლის შემდეგ, მიღებულ იქნა ახალი კანონი, დადგინდა კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც სამართლიანად წარიმართება განსახლების პროცესი. ძალიან დიდი ინვესტიციები ჩაიდო ამ მიმართულებით, აშენდა არაერთი საცხოვრებელი, რითაც ისარგებლა ათასობით დევნილმა ოჯახმა. ამ პროცესის გაგრძელებაა დღევანდელი დღეც“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროექტები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს, თავისი მასშტაბით არის უპრეცედენტო.

„ერთდროულად ხუთ ქალაქში, გარდა ქუთაისისა, თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, ათასობით ოჯახისთვის შენდება ახალი საცხოვრებელი. ამ ყველაფრის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 6 000 000 ლარს. დამეთანხმებით, რომ უპრეცედენტო თანხმები იხარჯება იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებლის გადაცემა. ასევე, წარმატებით ხორციელდება „სოფლად სახლის“ პროექტიც, რომლის ფარგლებში 12 000-მა ოჯახმა უკვე შეიძინა საკუთარი სახლი ეზოთი და მიწის ნაკვეთით. ესეც არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ახალი მშენებლობების პარალელურად გვეხმარება განსახლების პოლიტიკის სწორად წარმართვაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი