უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე, მხოლოდ არამზადას შეეძლო ამის გაკეთება, - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ქალაქ სუმზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.
„მტრის სარაკეტო თავდასხმა იმ დღეს მოხდა, როდესაც ხალხი ეკლესიაში მიდის ბზობას, უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე, მხოლოდ არამზადას შეეძლო ამის გაკეთება - ჩვეულებრივი ადამიანების სიცოცხლის წართმევა. ვუსამძიმრებ ოჯახებს და მეგობრებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა აგრესორზე ზეწოლა იმისთვის, რომ ომი შეჩერდეს.
„მსოფლიოს მხრიდან მკაცრი რეაგირებაა საჭირო. რუსეთს სწორედ ასეთი სახის ტერორი სურს და ომს აჭიანურებს. აგრესორზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია. ლაპარაკს არასდროს შეუჩერებია რაკეტები და ბომბები. გვჭირდება რუსეთის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როგორსაც ტერორისტი იმსახურებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ სუმზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს - დაიღუპა 21 ადამიანი.