ურთიერთობები დუღილის წერტილს აღწევს - ასე შეაფასა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა პაკისტანსა და ინდოეთს შორის არსებული დაძაბულობა. პაკისტანმა სამ დღეში მეორე რაკეტა გამოსცადა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ინდოეთში შეჭრისთვის ემზადება.
ბირთვული შეიარაღების მქონე მეზობლებს შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირებმა 26 ადამიანი მოკლეს ინდოეთის ქაშმირში ტურისტებზე თავდასხმის დროს. ისლამაბადმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ მას აქვს სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიუ დელი აპირებს მის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას.