უკრაინაში 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზების მომზადებას აშშ და ევროპელი მოკავშირეები მალე დაასრულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თუ რუსეთი შეთავაზებაზე უარს იტყვის, მოსკოვს ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან ახალი სანქციები ელოდება. მედიის ცნობით, ორი მიდგომა განიხილება, ან ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ან რუსეთისთვის პასუხის გასაცემად გარკვეული ვადის მიცემა.
წყარო აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს რამდენიმე ვარიანტზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც გადაწყდება როგორ ამოქმედდება ზავი.
ასევე მისი თქმით, მოლაპარაკებები ევროპასა და აშშ-ს შორის გასული კვირიდან გააქტიურდა.