მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ იარაღი ლაპარაკობს. ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა ახლავე, რათა მოლაპარაკებები დაიწყოს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„კიევში და პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, ჩვენ მკაფიო წინადადება წამოვაყენეთ: უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათიდან. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვალდებულება ყოველგვარი პირობის წაყენების გარეშე აიღო. ახლა ჩვენ რუსეთისგანაც ველით ასევე მკაფიო პასუხს. მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ იარაღი ლაპარაკობს. დიალოგი შეუძლებელია, თუ იმავდროულად მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა ახლავე, რათა მოლაპარაკებები დაიწყოს. მშვიდობისთვის“, - წერს მაკრონი.
საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს უკრაინაში ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. თუმცა, უკრაინული სამხედრო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინას დღეს დრონებით შეუტია.