უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების 1000-1000-ზე გაცვლის ფორმატის მესამე ეტაპი შედგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის ინფორმაციით, ტყვეობიდან კიდევ 303 უკრაინელი დაბრუნდა.
„უკრაინასა და რუსეთს შორის 1000 1000-ზე ფორმატით ტყვეების გაცვლის მესამე ეტაპი გაიმართა, რაზეც მხარეები სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ“, - წერს ზელენსკი.
ეს უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში ტყვეების გაცვლის საბოლოო ეტაპი იყო და შედეგად, სახლში 1 000 უკრაინელი დაბრუნდა.
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლის პირველი ეტაპი პარასკევს შედგა. მხარეებმა 390 ადამიანი გაცვალეს, მათ შორის 270 სამხედრო მოსამსახურე და 120 სამოქალაქო პირი. გაცვლის მეორე ეტაპი კი გუშინ განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც უკრაინამ ტყვეობიდან 307 ადამიანი დააბრუნა.