აშშ ჩინეთს მოუწოდებს, დაარწმუნოს ირანი, რომ არ ჩაკეტოს ორმუზის სრუტე

22 ივნისი 2025, 20:51 71 ნახვა

აშშ ჩინეთს მოუწოდებს, დაარწმუნოს ირანი, არ ჩაკეტოს ორმუზის სრუტე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიმართავს ჩინეთის მთავრობას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ ირანელებს, რადგან ისინი თავად მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ორმუზის სრუტეზე ნავთობის ტრანსპორტირების თვალსაზრისით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ირანის მხრიდან ორმუზის სრუტის ჩაკეტვა საშინელი შეცდომა და „ეკონომიკური თვითმკვლელობა“ იქნება.

მარკო რუბიოს განცხადებით, თეირანის მხრიდან ასეთი ქმედებები გამოიწვევს ფართომასშტაბიან ესკალაციას, რომელზეც არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ სხვა ქვეყნებიც იძულებული იქნებიან, რეაგირება მოახდინონ.

„ირანის მხრიდან საპასუხო მოქმედება აშშ-ის თავდასხმაზე საშინელი შეცდომა იქნება და ამას არ ვისურვებდით. ჩვენ გვსურს უზრუნველყოფა, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი. მათ სურთ სამოქალაქო ბირთვული პროგრამა, ელექტროსადგურები, ისევე როგორც ბევრ ქვეყანას აქვს მსოფლიოში. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება და ამის შეთავაზება იყო. მათ ეს უარყვეს. ისინი გვეთამაშებოდნენ, ვიტყოდი, სცადეს თამაში. მათ არ უპასუხეს შეთავაზებას. ისინი ათი დღე გაქრნენ. ამის საპასუხოდ პრეზიდენტმა იმოქმედა“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის თქმით, ვაშინგტონი მზადაა, ხვალვე განაახლოს ირანთან მოლაპარაკებები.

ირანის პარლამენტმა ორმუზის სრუტის დახურვას მხარი დაუჭირა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში