თუ ტრამპს გარიგება სურს, ის ირანის სულიერ ლიდერს პატივისცემით უნდა მოეპყროს - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

28 ივნისი 2025, 11:09 112 ნახვა

პრეზიდენტ ტრამპს თუ ნამდვილად სურს შეთანხმების მიღწევა, მან უარი უნდა თქვას უპატივცემულო და მიუღებელ ტონზე, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც მან ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი „სიკვდილისგან გადაარჩინა“.

არაღჩი ტრამპის ტონს უპატივცემულოსა უწოდებს და აღნიშნავს, რომ ირანელი ხალხი არ იღებს მუქარებსა და შეურაცხყოფებს.

„პრეზიდენტ ტრამპს თუ ნამდვილად სურს შეთანხმების მიღწევა, მან უარი უნდა თქვას უპატივცემულო და მიუღებელ ტონზე ირანის უზენაეს ლიდერთან, დიდებულ აიათოლა ხამენეისთან მიმართებით და შეწყვიტოს მისი მილიონობით გულწრფელი მიმდევრისთვის ტკივილის მიყენება“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, „ირანელმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა, რომ ისრაელის რეჟიმს სხვა არჩევანი არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ „მამასთან“ გაქცეულიყო“.

“ირანელების შეუპოვრობა კარგად არის გამოხატული ჩვენს ბრწყინვალე ხალიჩებში, რომლებიც უამრავი საათის შრომისა და მოთმინების შედეგად არის შექმნილი. თუმცა, როგორც ხალხი, ჩვენი ძირითადი წინაპირობა ძალიან მარტივი და პირდაპირია: ჩვენ ვიცით ჩვენი ფასი, ვაფასებთ ჩვენს დამოუკიდებლობას და არასდროს ვაძლევთ სხვას უფლებას, გადაწყვიტოს ჩვენი ბედი. დიდებულმა და ძლიერმა ირანელმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა, რომ ისრაელის რეჟიმს არანაირი არჩევანი არ ჰქონდა და იძულებული იყო „მამასთან“ გაქცევით თავი დაეღწია ჩვენი რაკეტებით განადგურებისგან. თუ ილუზიები უარესი შეცდომების დაშვებას გამოიწვევს, მაშინ ირანი თავისი რეალური შესაძლებლობების გამოყენებას არ დააყოვნებს და ირანის სიძლიერის შესახებ ცრუ წარმოდგენებს დაამსხვრევს“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში