კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძარმა საცხოვრებელი სახლები და ტურისტული ინფრასტრუქტურა დააზიანა

03 ივლისი 2025, 10:45 110 ნახვა

ბერძენი მეხანძრეები ებრძვიან ტყის ხანძარს, რომელიც  კრეტის პოპულარულ კურორტზე მძვინვარებს. ცეცხლმა გაანადგურა ტყის მასივები, საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებს, ტურისტულ ინფრასტრუქტურას და კუნძულზე არსებული სულ მცირე ოთხი დასახლებიდან ადგილობრივებისა და ტურისტების ევაკუაცია გამოიწვია.

საბერძნეთის სახანძრო სამსახურის განცხადებით, 155 მეხანძრე 38 სახანძრო მანქანის დახმარებით  ქვეყნის უდიდესი კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, იერაპეტრას მუნიციპალიტეტში ებრძვის ცეცხლს. ხანძარის ლოკალიზება, რომელიც შუადღისას გაჩნდა, ძლიერი ქარის გამო ვერ ხერხდება. ქარი კერების ხელახლა გაღვივებას უწყობს ხელს. 

სახანძრო სამსახურის განცხადებით, ათენიდან დამატებითი ძალები და საშუალებები ნავებითა და თვითმფრინავებით მიემართებიან. ადგილობრივი ტელევიზიები სახლების  დაზიანების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.  

დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში