მანჰეტენის ცენტრში ცათამბჯენში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, დაიღუპა. დაღუპული პოლიციელი, 36 წლის ბანგლადეშელი ემიგრანტი იყო. მეხუთე მსხვერპლი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო თავდამსხმელმა სავარაუდოდ თავი მოიკლა, განაცხადა ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა საავადმყოფოში გამართულ ბრიფინგზე.
თავდამსხმელის სამიზნე, სავარაუდოდ, პარკ ავენიუ 345-ში მდებარე საოფისე შენობა იყო, სადაც განთავსებულია რამდენიმე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი, მათ შორის საინვესტიციო ფონდის გიგანტი ბლექსთოუნი და ეროვნული საფეხბურთო ლიგის შტაბ-ბინა. პოლიციის ვარაუდით, ეჭვმიტანილი შეინ ტამურა ლას-ვეგასიდან მარტო მოქმედებდა. მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.