რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში 8.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - ცუნამის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა რუსეთში, იაპონიასა და აშშ-ში

30 ივლისი 2025, 10:03 216 ნახვა

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 8.8 მაგნიტუდას შეადგენდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 126 კილომეტრის დაშორებით, 18 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

სტიქიის გამო ცუნამის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა როგორც რუსეთში, ისე იაპონიასა და აშშ-ში. კამჩატკის სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 3–4 მეტრს აღწევდა. შედეგად, დაზიანდა რამდენიმე შენობა და არიან დაშავებულები. კურილიის კუნძულებზე, ქალაქ სევერო-კურილსკში, დაფიქსირდა ძლიერი დატბორვა, სადაც 2000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

იაპონიის სანაპირო რეგიონებში — ჰოკაიდოდან კუიშუმდე — ხელისუფლებამ მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდა. პირველი ტალღა უკვე დაატყდა თავს ჰოკაიდოს საპორტო ქალაქ ნემუროს, თუმცა მისი სიმაღლე მხოლოდ 30 სანტიმეტრი იყო და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

ცუნამის გაფრთხილება გავრცელდა აშშ-ის მთელ დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის ალასკაზე, ჰავაისა და გუამზე. ჰავაიზე ევაკუაციის განკარგულება გაიცა დედაქალაქ ჰონოლულუს მცხოვრებლებისთვისაც.

ამასთან, კამჩატკაზე ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის გაფრთხილება გავრცელდა ფილიპინებში, ინდონეზიაში, პერუში, ეკვადორში, ახალ ზელანდიაში, მექსიკასა და ჩინეთშიც.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში კამჩატკას ნახევარკუნძულთან არაერთი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. 20 ივლისს მომხდარმა სტიქიამ 7.5 მაგნიტუდას მიაღწია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში