რუსეთმა უკრაინას მორიგი მასირებული დარტყმა მიაყენა. ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა რამდენიმე ქალაქი, მათ შორის კიევი, ოდესა, დნეპრი. პირველად, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, შეტევის შედეგად დაზიანდა მთავრობის შენობა. ასევე, დედაქალაქში დრონებით შეტევის შედეგად მრავალსართულიანი შენობები დაზიანდა, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ჩვილი. დაშავდა 13 ადამიანი.
რუსების თავდასხმის შედეგად, სვიატოშინსკის რაიონში ცხრასართულიანი საცხოვრებელი შენობა სერიოზულად დაზიანდა - მე-4- მე-8 სართულები ნაწილობრივ განადგურდა. ასევე, დაფიქსირდა დარტყმა თექვსმეტსართულიან შენობაზე, რის შედეგადაც მე-15 და მე-16 სართულებზე ხანძარი გაჩნდა.
გარდა ამისა, ხანძარი კიდევ ორ ცხრასართულიან კორპუსში გაჩნდა. რუსებმა დრონებით და რაკეტებით კრივი-რიჰსაც შეუტიეს. თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და სამი ადამიანი დაშავდა. მასიურად დაბომბეს პოლტავის ოლქის ქალაქი კრემენჩუკი. ათობით აფეთქება მოხდა და ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.